ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტის“ ალიანსის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა და სამშაბათიდან პარტიების ლიდერებთან ახალი კონსულტაციების დაწყება გამოაცხადა. ამის შესახებ ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთს ინსტიტუციური სტაბილურობა სჭირდება, ხოლო მემარცხენეებს არ შეუძლიათ პარლამენტისგან ნდობის გამოცხადების მიღება.
„ჩემი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა არ იყოს ბლოკირებული ან შესუსტებული“, – ნათქვამია მაკრონის განცხადებაში, რომელშიც მაკრონმა ყველა პოლიტიკურ ლიდერს პასუხისმგებლობის სულისკვეთების გამოვლენისკენ მოუწოდა.
ემანუელ მაკრონმა ასევე მემარცხენე ალიანსში შემავალ პარტიებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
საპასუხოდ, მემარცხენე ალიანსმა, „ახალმა სახალხო ფრონტმა“, რომელმაც ივლისში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლებისა და მაკრონის იმპიჩმენტისკენ მოუწოდა.
ივლისში ჩატარებული არჩევნების შედეგად, მემარცხენე ალიანსმა „ახალმა სახალხო ფრონტმა“ 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 190 ადგილი აიღო. მეორე ადგილზე მაკრონის ცენტრისტული ალიანსი გავიდა დაახლოებით 160 ადგილით, მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით 140 მანდატით მესამე ადგილი დაიკავა.
მაკრონის განცხადების პასუხად, „ახალი სახალხო ფრონტის“ ლიდერმა, ჯან-ლუკ მელენშონმა საზოგადოებას და პოლიტიკოსებს მოუწოდა მტკიცე და ძლიერი პასუხისკენ, მათ შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ.
„კომუნისტური პარტიის“ ლიდერი ფაბიენ რუსელი „დიდი სახალხო მობილიზაციის“ მოწოდებით გამოვიდა და ახალი კონსულტაციების დაწყებაზე უარი განაცხადა. „მწვანეების“ ლიდერმა, მარინ ტონდელიემ კი აღნიშნა, რომ „ხალხმა უნდა მოიშოროს მაკრონი დემოკრატიის საკეთილდღეოდ“.
„ის არის ქაოსი და არასტაბილურობა“, – განაცხადა „მწვანეების“ ლიდერმა.