ემანუელ მაკრონმა მოსკოვში საპროტესტო აქციების მონაწილეების მასობრივ დაკავებაზე რუსეთს ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსკოვში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების მასობრივ დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან საფრანგეთის სამხრეთში, ფორტ ბრეგანსონში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ემანუელ მაკრონი მიესალმა ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას და აღნიშნა, რომ საფრანგეთს, ისევე როგორც რუსეთს, ხელი აქვს მოწერილი საერთაშორისო დოკუმენტებზე, რომლებიც ევროსაბჭოს წევრებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი პროტესტის, თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის უფლებების დაცვას ავალდებულებს.
ამავე დროს, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ არასწორად მიიჩნევს საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანების“ აქციებს და მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შორის პარალელების გავლებას. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი გარკვეული პირები არ დაუშვეს მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე რეგისტრირებულიყვნენ, სწორედ ამიტომ საფრანგეთმა შეშფოთება გამოხატა მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება „ყვითელჟილეტებს“, რომლებზეც ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა, მათ ჰქონდათ საშუალება, საკუთარი კანდიდატები ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარედგინათ“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ოპოზიციის პროტესტები „ყვითელჟილეტიანთა“ დემონსტრაციებს შეადარა.
„საფრანგეთს მიაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება და უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს აზრი. ამიტომ, უნდა განვასხვავოთ აზრის გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებ“, – განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ სურს მოსკოვში „ყვითელჟილეტიანების“ მსგავსი დემონსტრაციები. მისი თქმით, „მოქალაქეთა ჯგუფებს არ აქვთ უფლება დაარღვიონ მოქმედი კანონი და მიიყვანონ სიტუაცია ხელისუფლებასთან შეტაკებამდე“.
„ეს არის კანონის დარღვევა და ყველამ, ვინც დამნაშავეა ამ დარღვევებში, პასუხი უნდა აგოს რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისად“, -თქვა პუტინმა.
მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე არდაშვებულ 57 ოპოზიციონერ კანდიდატზე საუბრისას კი, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ისინი არ დაარეგისტრირეს საარჩევნო კანონმდებლობის აშკარა დარღვევის გამო.