ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დემონსტრაციებზე სამართალდამცველების უფლებამოსილებებს აფართოებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დემონსტრაციებზე სამართალდამცველების უფლებამოსილებებს აფართოებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერის განცხადებით, კანონი იცავს ფრანგებს ძალადობისგან და ასევე, იცავს საფრანგეთის ინსტიტუტებსა და თავისუფლებებს.
აღნიშნული კანონი საფრანგეთის სენატმა მარტში დაამტკიცა. დეპუტატების განმარტებით, კანონის მიზანია დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების გაძლიერება.
მიმდინარე თვის დასაწყისში საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ კანონის ერთ-ერთი ყველაზე სადავო მუხლი დაბლოკა, რომელიც პოლიციას აძლევდა უფლებას, დემონსტრაციაში მონაწილეობა აეკრძალა პირისთვის, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევდნენ. თუმცა საკონსტიტუციო საბჭომ დასაშვებად ცნო მუხლი, რომელიც სამართალდამცველებს უფლებას აძლევს აქციის მონაწილეთა პირადი ნივთები და დემონსტრაციის გამართვის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტომობილები გაჩხრიკონ. ასევე კანონი კრძალავს აქციის დროს სახის დაფარვას. ნიღბის ტარება 15 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კანონი შეკრების თავისუფლების უფლებას ზღუდავს. უფლებადამცველები კანონპროექტს „ყვითელჟილეტიანთა“ მოძრაობის პროტესტს უკავშირებენ.