ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარისას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება და უკრაინის კონფლიქტი განიხილეს საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა. ემანუელ მაკრონს და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის ჩრდილოეთში არსებული დაძაბულობა დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს.
სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა 22 ოქტომბერს იწურება. სწორედ ამ ვადაში უნდა დატოვონ ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა სირიის ჩრდილოეთში საზღვრის გასწვრივ მონიშნული 30 კილომეტრიანი ზონა.