ემანუელ მაკრონის მთავრობა ეროვნულ ასამბლეაში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავრობა ეროვნულ ასამბლეაში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. სამი პარტიის მიერ ინიცირებული კენჭისყრის დროს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 278-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ოპოზიციას მხოლოდ ცხრა ხმა დააკლდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, რადგან ამისთვის საჭირო იყო 287 კანონმდებლის მხარდაჭერა.
უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა საფრანგეთის პარლამენტში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატის გვერდის ავლით დაამტკიცა საპენსიო სისტემის ცვლილების სადავო კანონი. რეფორმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნულმა ინიციატივამ საფრანგეთში მასობრივი გაფიცვები და საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
პროფკავშირები და საპროტესტო აქციის მონაწილეები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვებისა და დემონსტრაციების გაგრძელებას აპირებენ. საყოველთაო გაფიცვა და აქციები ქვეყანაში ხუთშაბათს არის დაგეგმილი.