საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყვითელჟილეტიანების პეტიციას პასუხობს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები მართლები არიან.
მაკრონის განცხადებით, საწვავის ფასების მომატებით დემონსტრანტები დაზარალდნენ და ამიტომ მათ პეტიციაზე ხელმოწერა გადაწყვიტეს. საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მან აქტივისტების მთავარი გზავნილი გაიგო.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, თუმცა ეს საფრანგეთის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად არ უნდა აისახოს.
ემანუელ მაკრონმა აღიარა, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის არსებული უფსკრული ჯერ კიდევ ვერ აღმოფხვრა. საფრანგეთის პირველმა პირმა დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.
საწვავის ფასების მომატებასთან დაკავშირებით დაწყებული დემონსტრაციები საფრანგეთში უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.
„ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილ აქტივისტებს ახლა ოფიციალური წარმომადგენლებიც ჰყავთ. ინტერნეტ სივრცეში კი შეიქმნა პეტიცია, რომელსაც უკვე მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.