ემანუელ მაკრონი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ერთიანი მსოფლიო შევინარჩუნოთ და განხეთქილების რისკს არ დავემორჩილოთ, 2024 წელი იქნება საკვანძო წელი ევროპელებისთვის
ემანუელ მაკრონი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ერთიანი მსოფლიო შევინარჩუნოთ და განხეთქილების რისკს არ დავემორჩილოთ, 2024 წელი იქნება საკვანძო წელი ევროპელებისთვის

რუსეთს არ უნდა მიეცეს უკრაინაში ომის მოგების საშუალება და ევროპელებმა უნდა განაახლონ თავიანთი მცდელობები უკრაინის დასახმარებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, ფორუმი იმართება იმ პერიოდში, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირში შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ შეაჩერა უკრაინის დახმარების ორი ძირითადი პაკეტი.

„პირველ რიგში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ერთიანი მსოფლიო და არ დავემორჩილოთ განხეთქილების რისკს. უნდა ვეცადოთ, გვქონდეს ეფექტური დღის წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი არ და ვერ შეძლებს უკრაინაში ომის მოგებას. რაც დევს სასწორზე, არის უკრაინა, ჩვენი ფასეულობები, უსაფრთხოება ევროპაში, კავკასიაში და მთლიან რეგიონში. 2024 წელი იქნება საკვანძო წელი ევროპელებისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თებერვალში ის უკრაინაში უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების დასასრულებლად ჩავა.