ემანუელ მაკრონი - ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კავშირს პუტინთან, იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით, ასეთი ლიდერისთვის
ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კავშირს პუტინთან, იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით, ასეთი ლიდერისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ და აშშ-მა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ომის დასრულების სამხედრო ვარიანტს ვერ ხედავს. მაკრონის შეფასებით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა ომის დანაშაულია.
„მე ყოველთვის ვაგრძელებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მჯერა, რომ ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა. იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით, ასეთი ლიდერისთვის. გასაგებია, რომ რუსეთმა და, განსაკუთრებით, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტეს, იარაღად გამოიყენონ ენერგია და საკვები, რამაც შექმნა დიდი დეფიციტი, არასტაბილურობა და ინფლაცია. ვფიქრობ, მისი ფსონი არის ომითა და სანქციებით დაღლილობა. მნიშვნელოვანია გზავნილის გავრცელება, რომ ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ. გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა მოლაპარაკების საშუალებით მიიღწევა. მე ვერ ვხედავ სამხედრო ვარიანტს ადგილზე“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.