საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყაზახეთში ჩავიდა. ვიზიტი ცენტრალური აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში ხორციელდება.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა შეაქო ასტანა უკრაინის საკითხზე მოსკოვის მხარდაჭერაზე უარი თქმის გამო და აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ყაზახეთი მნიშვნელოვანი ბიზნესშეთანხმებების გაფორმებას გეგმავენ.
„ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე პროგრესის მიღწევას, გაერო-ს წესდებისადმი, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის მსგავსი პრინციპებისადმი ჩვენი ერთგულების ხაზგასმას“, – განაცხადა მაკრონმა.
როგორც მედია წერს, რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრალური აზიის ქვეყნებში დასავლეთის მზარდი ჩართულობის გამო. გასულ კვირას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს, დააშოროს რუსეთს მისი მეზობლები, მეგობრები და მოკავშირეები.
„არანაირად არ მესმის ზეწოლა, რომელსაც ზოგიერთი აქტორი, შესაძლოა, ახორციელებდეს თქვენზე. საფრანგეთი დიდად აფასებს ჩვენს მეგობრობას. ჩვენ მივყვებით მეგობრობის გზას. ეს არის გზა თქვენი ქვეყნისთვის, რომელიც უარს ამბობს, იყოს რომელიმე სახელმწიფოს ვასალი და სურს, შეინარჩუნოს დაბალანსებული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან თქვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი სტრატეგია ახლოა საფრანგეთისთვის“, – განუცხადა ემანუელ მაკრონმა ყაზახეთის პრეზიდენტს.
თავად თოყაევმა ყაზახეთში მაკრონის ვიზიტს ისტორიული უწოდა.
ყაზახეთის შემდეგ ემანუელ მაკრონი უზბეკეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ყაზახეთი და უზბეკეთი უარს ამბობენ, უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის აღიარებაზე და მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების პირობას დებენ. ისინი ასევე რუსეთს და დასავლურ ქვეყნებს, მათ შორის, საფრანგეთს სტრატეგიულ პარტნიორებს უწოდებენ.