ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ამჟამად „საომარი ამინდია“ და მოლაპარაკებების დრო არ არის
უკრაინასთან დაკავშირებით ამჟამად საომარი ამინდია და მოლაპარაკებების დრო არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ექოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთთან დიალოგის მიზანია ომისადმი მიდგომების კონსოლიდაცია. მაკრონმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ისაუბრა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
„არ შეიძლება, იყოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, ვიდრე ევროპაში არიან ქვეყნები, სადაც მეორე ქვეყანაა შეჭრილი ან გაყინული კონფლიქტებია. მაშასადამე, ხედავთ, რომ ამ ყველაფრის საერთო მატრიცა ჩნდება. არის თუ არა უკრაინა ჩინური დიპლომატიის პრიორიტეტი? ალბათ არა, მაგრამ ეს დიალოგი იძლევა შესაძლებლობას, შეარბილოს ის კომენტარები, რომლებიც მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ გარკვეული თვითკმაყოფილების შესახებ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროპის სტრატეგიულ ავტონომიაზე, რომელიც, მისი თქმით, გადამწყვეტია, რათა ევროპული სახელმწიფოები არ გახდნენ „ვასალები“, როცა ევროპა შეიძლება იყოს „მესამე პოლუსი“ შეერთებული შტატებისა და ჩინეთის გვერდით.