ემანუელ მაკრონი - საფრანგეთის შეიარაღებული ძალები სირიიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ გამოვა
საფრანგეთის შეიარაღებული ძალები სირიიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ გამოვა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„თქვენმა პრეზიდენტმა თქვა, რომ დაეშის წინააღმდეგ ომის დასრულებისთანავე შეწყვეტს ომში აშშ-ის ჯარისკაცების მონაწილეობას. ჩვენი პოზიციაც ანალოგიურია. ამ ომში ჩვენ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ვართ ჩართული. მეტი მიზანი არ გვაქვს“ – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საფრანგეთი ჩაერთო აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციაში, რადგან საფრანგეთის მოქალაქეები ისლამისტი ტერორისტების სამიზნე გახდა.
მაკრონის განცხადებით, 2015 წლის პარიზის ტერაქტი, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა, სირიის ქალაქ რაქადან იყო ორგანიზებული.