ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციებს 23 აგვისტოს გამართავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით საპარლამენტო ჯგუფებსა და პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს 23 აგვისტოს გამართავს.
ამის შესახებ ფრანგული მედია ელისეის სასახლეზე დაყრდნობით წერს.
ელისეის სასახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი კონსულტაციებს 23 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში გამართავს.
„მათ, ვინც გამოთქვეს სურვილი ჯგუფურ ფორმატში მოსვლასთან დაკავშირებით, შეძლებენ ამის გაკეთებას“, – განუცხადეს „ლე ფიგაროს“.
მედია წერს, რომ, ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში ბლოკების თანმიმდევრობის მიხედვით, პირველი, ვისაც ელისეის სასახლეში მიიღებენ, მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ იქნება.
კონსულტაციების შედეგად ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა მოხდება.
„ლე ფიგარო“ წერს, რომ ემანუელ მაკრონის მიზანი კოალიციის შექმნაა, რადგან საპარლამენტო არჩევნებში ვერცერთმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
როგორც ელისეის სასახლეში აცხადებენ, საპარლამენტო არჩევნების დროს ფრანგმა ხალხმა ცვლილებებისა და ერთიანობის სურვილი გამოხატა, ხოლო ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ამ სურვილის რეალიზებისთვის უნდა იმუშაოს.