ემანუელ მაკრონი - რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, საიდანაც გამოსვლა არის რთული გზა. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ რეგიონულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, როგორც საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს.
„ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რადგან როდესაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, შეგვეძლოს გამოსასვლელის აშენება დიპლომატიური საშუალებებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის როლია იყოს მედიატორი სახელმწიფო“, – განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ინტერვენცია მეზობელ უკრაინაში არის „ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა“.
„მე ვფიქრობ და მას ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის, საკუთარი თავისა და ისტორიისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე, არ გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში კიევში გამგზავრება. მისი თქმით, საფრანგეთს სურს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაზრდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა აქვე მზადყოფნა გამოთქვა, ყველაფერი გააკეთოს უკრაინაში ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტისთვის.