ემანუელ მაკრონი მზად არის, „გახსნას დებატები“ ფრანგული ბირთვული იარაღის როლის შესახებ საერთო ევროპულ თავდაცვაში
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზად არის, „გახსნას დებატები“ ფრანგული ბირთვული იარაღის როლის შესახებ საერთო ევროპულ თავდაცვაში. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დებატები უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებს და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვისაც აქვს ბირთვული იარაღი ან ამერიკული ბირთვული შეიარაღება თავიანთ ტერიტორიაზე აქვთ განთავსებული.
„მოდით, ეს ყველაფერი მაგიდაზე დავდოთ და ვნახოთ, რა გვიცავს რეალურად სანდო გზით. საფრანგეთი შეინარჩუნებს თავის სპეციფიკას, მაგრამ მზად არის, მეტი წვლილი შეიტანოს ევროპის დაცვაში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა კონტინენტს, მიიღოს „სანდო“ თავდაცვის სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე.
„საფრანგეთის დოქტრინა არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი, როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. მე უკვე ვთქვი, რომ ამ სასიცოცხლო ინტერესებს აქვს ევროპული განზომილება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ საფრანგეთი ბლოკის ერთადერთი წევრია, რომელსაც აქვს საკუთარი ბირთვული იარაღი.