ემანუელ მაკრონი - მოლაპარაკებების განახლება ერთადერთი გზაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ვისწრაფვით, რომ ირანმა არ მოიპოვოს ბირთვული იარაღი, ასევე არ მოხდეს უკონტროლო ესკალაცია რეგიონში
ემანუელ მაკრონი - მოლაპარაკებების განახლება ერთადერთი გზაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ვისწრაფვით, რომ ირანმა არ მოიპოვოს ბირთვული იარაღი, ასევე არ მოხდეს უკონტროლო ესკალაცია რეგიონში

მოვუწოდებთ ყველას, დაუბრუნდნენ დიალოგს, ვერანაირი სამხედრო რეაგირება ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირი სამხედრო რეაგირება ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. დიპლომატიური და ტექნიკური მოლაპარაკებების განახლება ერთადერთი გზაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ყველანი ვისწრაფვით, რომ ირანმა არ მოიპოვოს ბირთვული იარაღი, მაგრამ ასევე არ მოხდეს უკონტროლო ესკალაცია რეგიონში“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ირანსა და ისრაელში საფრანგეთის მოქალაქეების უსაფრთხოება საფრანგეთისთვის პრიორიტეტულია.

„ეს მძიმე მომენტია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და აშკარა გავლენა აქვს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაზეც. მინდოდა ამ შეხვედრის ჩატარება ისრაელსა და ირანს შორის განხორციელებული დარტყმებიდან ათი დღის შემდეგ. აშშ-ის გუშინდელი დარტყმები ახალ ფაზას ხსნის, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენგან სიფხიზლესა და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. მოვუწოდებ ყველას, დაუბრუნდნენ დიალოგს“, – განაცხადა მაკრონმა.