ემანუელ მაკრონი - მკაცრად ვგმობ აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებას მთიან ყარაბაღში, შეტევა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის გმობს ბაქოს ქმედებებს მთიან ყარაბაღში.
„მე მკაცრად ვგმობ აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებას მთიან ყარაბაღში. შეტევა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დისკუსია მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე უნდა განახლდეს“, – წერს მაკრონი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მჭიდრო კავშირი აქვს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა. უწყების განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.