ემანუელ მაკრონი - მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, საბერძნეთთან და თურქეთთან ერთად ვაპირებთ ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყებას
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საბერძნეთთან და თურქეთთან თანამშრომლობით იგი მარიუპოლში „ჰუმანიტარული ოპერაციის“ ჩატარებას გეგმავს.
უკრაინული მედია ამ ინფორმაციას ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჩვენ ვაპირებთ ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყებას საბერძნეთთან და თურქეთთან ერთად, რათა ყველა იმ პირის ევაკუაცია მოხდეს, რომელთაც მარიუპოლის დატოვება სურთ. ჩვენ ყველაფერს საუკეთესო პირობებით ვაწყობთ. ამ ქალაქში, სადაც 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, კიდევ 150 000 მცხოვრები კატასტროფულ პირობებშია“, – აღნიშნა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ დეტალების გასარკვევად უახლოეს დღეებში ამ საკითხს პუტინთან განიხილავს.
„იყო კონკრეტული დისკუსია მარიუპოლის მერთან. ჩვენ ამას ვაკეთებთ გამჭვირვალედ პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად. შემდეგ კი რუსულ მხარესთან მოვილაპარაკებთ. ამისთვის ვემზადებით უახლოეს დღეებში. დეტალების გასარკვევად 48 საათში მექნება ახალი დისკუსია ვლადიმერ პუტინთან“, – დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა.