ემანუელ მაკრონი - ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტა არის ერთადერთი გზა ღაზაში და ლიბანში ომის დასასრულებლად
ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტა არის ერთადერთი გზა ღაზაში და ლიბანში ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზაში და ლიბანში გამოყენებული იარაღის ექსპორტის შეჩერება არის ერთადერთი ბერკეტი კონფლიქტების დასასრულებლად.
მაკრონმა განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ისრაელის განიარაღების მოწოდება იმ მუქარის წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაადანაშაულა ისრაელი სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოების მიზანმიმართულ სროლაში. მაკრონის თქმით, „აბსოლუტურად მიუღებელია“, რომ გაერო-ს სამშვიდობოები ლიბანში ისრაელის ძალების „განზრახ სამიზნე“ არიან.
ისრაელი კი ამბობს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს საფრთხეს გაერო-ს პოსტთან ახლოს, რამაც გამოიწვია ორი მშვიდობისმყოფელის დაჭრა.