ემანუელ მაკრონი - დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და მათი ბრაზი გათვალისწინებულია, თუმცა მიუღებელია, როდესაც ისინი ძალადობას მიმართავენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონ იმედს გამოთქვამს, რომ დამტკიცებული საპენსიო რეფორმა, საკონსტიტუციო საბჭოს მიერ შემოწმების შემდეგ, წლის ბოლომდე განხორციელდება, – ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
„რაც უფრო დიდხანს ველოდებით, მით უფრო გაუარესდება დეფიციტი. ეს რეფორმა აუცილებელია, ის მე არ მაბედნიერებს. ვამჯობინებდი, არ მიწევდეს მისი განხორციელება. ეს რეფორმა არ არის ფუფუნება, არ არის სიამოვნება, ეს აუცილებლობაა“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
ეს მაკრონის პირველი მიმართვაა მას შემდეგ, რაც მან საკონსტიტუციო უფლებამოსილება გამოიყენა და პარლამენტის გვერდის ავლით საპენსიო სისტემის სადავო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
ემანუელ მაკრონის განმარტებით, როდესაც მან დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა, საფრანგეთში 10 მილიონი პენსიონერი იყო, ახლა კი მათი რიცხვი 17 მილიონს შეადგენს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და მათი ბრაზი გათვალისწინებულია, თუმცა, მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც ისინი ძალადობას მიმართავენ.