ემანუელ მაკრონი - ღაზაში ბავშვებს, ქალებს, ხანდაზმულებს ბომბავენ და კლავენ, ამას გამართლება არ აქვს, მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს ღაზაში ბავშვებისა და ქალების მკვლელობა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა „ბიბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„დე ფაქტო დღეს მოქალაქეებს ბომბავენ. ბავშვებს, ქალებს, ხანდაზმულებს ბომბავენ და კლავენ. ამას მიზეზი და გამართლება არ აქვს. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს“, -განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთი აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას, თუმცა მოუწოდებს, შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა. ამავე დროს, მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთ მკაფიოდ გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს.
„ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის ტკივილს და ჩვენ ვიზიარებთ მათ სურვილს, მოიშორონ ტერორიზმი. ჩვენ საფრანგეთში ვიცით, თუ რას ნიშნავს ტერორიზმი“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი როლი არ არის, განსაჯოს, დაირღვა თუ არა საერთაშორისო სამართალი.
„მე არ ვარ მოსამართლე. მე სახელმწიფოს მეთაური ვარ“, – აღნიშნა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონის განცხადებებს გამოეხმაურნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში და აღნიშნეს, რომ ქვეყნებმა უნდა დაგმონ „ჰამასი“ და არა – ისრაელი.
„დანაშაულები, რომლებსაც „ჰამასი“ დღეს ღაზაში სჩადის, ხვალ ჩადენილი იქნება პარიზში, ნიუ-იორკსა და მსოფლიოს სხვა ადგილას“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა პარიზში 9 ნოემბერს ღაზის საკითხზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციას უმასპინძლა.