სერბეთში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიზიტის დროს ბელგრადის მიერ ფრანგული ავიაგამანადგურებლების შეძენის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
სერბეთი 12 ავიაგამანადგურებელ Rafale-ს შეიძენს.
2,7 მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას ფრანგული ავიამწარმოებელი კომპანიის, Dassault Aviation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ ტრაპიემ და სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტის გაფორმებას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესწრებოდნენ.
შეთანხმების მიხედვით, სერბეთი 12 ავიაგამანადგურებელს 2029 წლის ბოლომდე მიიღეს. სერბეთის შეიარაღებულ ძალებში ეს Dassault Aviation-ის პირველი საბრძოლო თვითმფრინავები იქნება.
ემანუელ მაკრონმა შეთანხმებას ისტორიული და მნიშვნელოვანი უწოდა.
„სერბეთის მიერ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების არჩევა იყო მკაფიო არჩევანი, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი ალიანსი უფრო ძლიერია სუვერენული ევროპის ფარგლებში. ეს არჩევანი არის ჩვენი სტრატეგიული ავტონომიის ნაწილი და მას უფრო ძლიერს ხდის“, – განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს თავისი საჰაერო ფლოტის განახლება სჭირდება.
სერბეთისთვის სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ტრადიციული მიმწოდებელი რუსეთი იყო.