ემანუელ მაკრონი - ჩვენ უნდა უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა რამდენიმე დღის წინ დაწყებული კონტრშეტევა ეფექტური იყოს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, რათა კონტრშეტევა ეფექტური იყოს. აღნიშნული განცხადება მაკრონმა პარიზში, იტალიის პრემიერ-მინისრტთან, ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„როგორც ევროპელებისა და მოკავშირეების, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, განვაგრძოთ ერთად ყოფნა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როგორც ეკონომიკური, ასევე ჰუმანიტარული და სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მხარდაჭერა, რათა რამდენიმე დღის წინ დაწყებული კონტრშეტევა მაქსიმალურად ეფექტური იყოს“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, ამავე პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია და საფრანგეთი განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
მედიის ინფორმაციით, მხარეები ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით მართავენ მოლაპარაკებებს, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გაამძაფრა.
2022 წლის ნოემბერში ჯორჯია მელონიმ უარი თქვა ჰუმანიტარული გემის დაშვებაზე, რომელსაც 230 მიგრანტი გადაჰყავდა იტალიაში, რის გამოც გემი საფრანგეთისკენ გაემართა. საფრანგეთის მთავრობამ მოგვიანებით აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და მიუღებელი უწოდა.