ემანუელ მაკრონი – ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო კვირებში თავდასხმები გაძლიერდა, ეს მხოლოდ ჰიბრიდული ომი აღარ არის, ეს ომია, ეს არის მტრული ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს

23:23, 24.09.2026

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) საფრანგეთი რუსეთის მხრიდან დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მაკრონს ესპანური გამოცემა El Mundo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, რუსეთის მხრიდან დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.

„ამ ინფორმაციის უარყოფა შეგვიძლია. აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს საფრანგეთის შესაბამისი სამსახურებისთვის მსგავსი თავდასხმის შესახებ არ უცნობებია“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა უკვე წლებია, სხვადასხვა ტიპის თავდასხმის სამიზნეა. მისი თქმით, საუბარია საინფორმაციო სივრცეში განხორციელებულ თავდასხმებზე, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კიბერთავდასხმებზე. მისი თქმით, არსებული ვითარება უკვე მხოლოდ ჰიბრიდული ომი აღარ არის.

„დღეს ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ: რუსეთი ევროპას უკრაინის „სტრატეგიულ ზურგად“ აღიქვამს, რადგან ევროპელები უკრაინელებს ეხმარებიან, ხოლო უკრაინელები, ფაქტობრივად, რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს ესხმიან თავს, რათა რუსეთს ომის დასრულება აიძულონ, ევროპა შესაძლოა, სამიზნე გახდეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვიმყოფებით თავდასხმის ქვეშ. ჩვენზე ხორციელდებოდა თავდასხმები საინფორმაციო სივრცეში, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია. ჩვენზე ხორციელდებოდა კიბერთავდასხმებიც. ჩემი პირველი საარჩევნო კამპანიის დროს კიბერთავდასხმის სამიზნე თავადაც გავხდი, რომელიც ჩვენმა სადაზვერვო სამსახურებმა რუსეთს მიაწერეს. ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო კვირებში ეს თავდასხმები გაძლიერდა. იყო ლაიფციგის შემთხვევაც, რომელიც ძალიან სერიოზული იყო. თავდასხმა ვერ განხორციელდა, მაგრამ რა მოხდებოდა, ის წარმატებული რომ ყოფილიყო? გერმანიის ტერიტორიაზე ადამიანები დაიღუპებოდნენ. ამიტომ ეს უკვე მხოლოდ ჰიბრიდული ომი აღარ არის, ეს ომია, წერტილი. ეს ომია. ეს არის მტრული ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის განცხადებით, უკრაინაში ომმა, ჯამში, დაახლოებით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო რუსეთის დანაკარგებმა მილიონ 200 ათას დაღუპულ და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს მიაღწია.

მაკრონის თქმით, რუსეთის მოქმედებები აჩვენებს, რომ მოსკოვი მზად არის, დონბასის სრულად დასაპყრობად კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი გაიღოს.

„ამ ომმა, ჯამში, მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ომი რუსეთს 1 200 000 ადამიანი, ანუ დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები დაუჯდა. ამით რუსეთი დღეს გვაჩვენებს, რომ მზად არის, კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი გაიღოს დონბასის სრულად დასაპყრობად. ამჟამად რუსეთი დონბასში ერთ ოლქს სრულად აკონტროლებს, ხოლო მეორის ტერიტორიის 85 პროცენტს. მაგრამ მისი სრულად დაკავებისთვის, თუ რუსეთი ბოლო ოთხი წლის მსგავს ტემპში გააგრძელებს წინსვლას, კიდევ წელიწადნახევარი დასჭირდება. ეს ნიშნავს საშინელი დანაკარგებისა და უკრაინის ტანჯვის კიდევ ორ წელს. რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ვითარებაში? დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევაში. სწორედ ამას ვაკეთებთ თავიდანვე“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი ორმაგი მორატორიუმის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, პირველი მორატორიუმი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების შეჩერებას, სანაცვლოდ კი რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგოსისტემისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებზე უარის თქმას გულისხმობს.

„შეწყვიტეთ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, რუსებმა კი აიღონ ვალდებულება, არ შეუტიონ თქვენს ენერგოსისტემასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მეორე მორატორიუმი კი ნიშნავს, რომ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები შავ ზღვაში, რადგან შავ ზღვაში ათობით მილიონი ტონა მარცვლეულია გაჩერებული, რაც მრავალი ქვეყნისთვის კატასტროფული ვითარებაა“, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი