ემანუელ მაკრონი - აზერბაიჯანის მიერ კვირას განხორციელებული თავდასხმა, რამდენადაც ვიცით, გაუმართლებელი იყო და ამაზე ვესაუბრე ალიევს
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა სერიოზულია. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დროს გააკეთა.
„უკვე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრეზიდენტ ალიევს, ჩვენ მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. სრულად ვართ მობილიზებულები. ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას წინაპირობის გარეშე. მინდა ვიყო ძალიან მკაფიო, კვირას აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული თავდასხმა, რამდენადაც ვიცით გაუმართლებელი იყო და ამაზე ვესაუბრე ალიევს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ სირიელმა ჯიჰადისტმა მებრძოლებმა დატოვეს გაზიანთეფი, რათა შეუერთდნენ კონფლიქტს მთიან ყარაბაღში. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ახალი გარემოებაა, რომელიც ცვლის ფაქტებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
პრეზიდენტმა, ასევე მთიან ყარაბაღში დაჭრილ ფრანგ ჟურნალისტებს და გამოცემა „ლე მონდს“ მხარდაჭერა გამოუცხადა. ემანუელ მაკრონის თქმით, თვითმფრინავები უკვე მზად არის და დაშავებულ ჟურნალისტებს, რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნებენ ქვეყანაში.