ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სურს, საფრანგეთში არავაქცინირებულ ადამიანებს ცხოვრება გაურთულოს
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, სურს, რომ საფრანგეთში არავაქცინირებულ ადამიანებს ცხოვრება გაურთულოს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის არ გეგმავს საფრანგეთის მოსახლეობის იძულებით აცრას, თუმცა სურს, ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს.
მისი თქმით, არავაქცინირებულ ადამიანებს საპყრობილეში არ გააგზავნიან, თუმცა 15 იანვრიდან ისინი ვერ შეძლებენ რესტორანში ყავის დასალევად წასვლას, ასევე ვერ წავლენ კინოთეატრსა და თეატრში.
ემანუელ მაკრონმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კოვიდსერტიფიკატის კანონპროექტი გადაიდო ოპოზიციაში მყოფი დეპუტატების მიერ, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
პოლიტიკურმა ოპონენტებმა დაგმეს ემანუელ მაკრონის მკაცრი ტონი და აღნიშნეს, რომ უხეში ენა, რომელიც მაკრონმა გამოიყენა, პრეზიდენტის შესაფერისი არ იყო.
საფრანგეთის პარლამენტში დებატები კანონპროექტზე, რომელიც არავაქცინირებულ ადამიანებს საზოგადოებრივი ცხოვრებაში მონაწილეობას უზღუდავს, გვიან ღამით გადაიდო. კანონპროექტი მიმდინარე კვირას კენჭისყრით უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ინიციატივამ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან, რამდენიმე ფრანგმა დეპუტატმა განაცხადა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით სიკვდილის მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს.