ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ, სულ მცირე, რამდენიმე ქვეყანა მაინც ეთანხმება უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის შესაძლებლობას უკრაინელი ჯარის მოსამზადებლად
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ, სულ მცირე, რამდენიმე ქვეყანა მაინც ეთანხმება უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის შესაძლებლობას უკრაინელი ჯარის მოსამზადებლად

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ, სულ მცირე, რამდენიმე სხვა ქვეყანა მაინც ეთანხმება უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის შესაძლებლობას უკრაინული ჯარის მოსამზადებლად. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონმა დაადასტურა, რომ ლეგიტიმურად თვლის უკრაინის მოთხოვნას თავის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალის მომზადებაზე, განსაკუთრებით, ჯარში მობილიზებულთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით.

„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, არ გვინდა ესკალაცია, მაგრამ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევაში, ამიტომ როცა უკრაინა გვთხოვს, მოვამზადოთ მობილიზებული ჯარისკაცები მის სუვერენულ ტერიტორიაზე, არის ეს ესკალაცია? არ არის”, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დასავლეთს აქვს სრული უფლება, რუსეთის მუქარის მიუხედავად, გაგზავნოს ინსტრუქტორები უკრაინაში, რადგან ეს არის არა დასავლური ჯარების „ფრონტის ხაზზე“ გაგზავნა, არამედ „უკრაინის სუვერენიტეტის აღიარება თავის ტერიტორიაზე“.

მაკრონმა ასევე გამოაცხადა კოალიციის შექმნა, რომელმაც უნდა „უპასუხოს უკრაინის მოთხოვნას“ თავის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, თუმცა დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვსურს, გვქონდეს კოალიცია და ჩვენმა ბევრმა პარტნიორმა უკვე მოგვცა თანხმობა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მარტო არ ვიქნებით და გამოვიყენებთ მომდევნო დღეებს ამ რაც შეიძლება ფართო კოალიციის შესაქმნელად, რათა პასუხი გავცეთ უკრაინის თხოვნას“, – აღნიშნა მაკრონმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიესალმება და მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას, გაგზავნოს ინსტრუქტორები უკრაინაში სამხედროების მოსამზადებლად.

„ჩვენთან ინსტრუქტორების გამოგზავნის ინიციატივასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მსურს, მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია – ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივას უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ და, სხვათა შორის, ეს უბრალოდ უმოკლესი გზაა. ნატო-ს ქვეყნებიდან ბევრმა ქვეყანამ მოამზადა ჩვენი სამხედროები თავიანთ ტერიტორიაზე. განსხვავება ისაა, რომ ეს უფრო მოკლე, უფრო პრაქტიკული მარშრუტია, ამიტომ მადლობელი ვარ ამ ინიციატივისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.