ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთში მედიკოსებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გახდება
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთში მედიკოსებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახდება. ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონის თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო იქნება ყველა იმ პირისთვის, ვისაც მოწყვლადი ჯგუფების პაციენტებთან უწევს კონტაქტი. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, 15 სექტემბრიდან ამოქმედდება კონტროლი და სანქციები.

„ახლა თუ არ ვიმოქმედებთ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება“, – განაცხადა მან მიმართვისას.

ამას გარდა, ემანუელ მაკრონის მიერ გამოცხადებული ახალი წესების თანახმად, მატარებლით მგზავრობისა და კინოთეატრებში შესვლის მსურველებმა ასევე უნდა წარადგინონ კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან ტესტის ნეგატიური პასუხი.

„ჩვენ უნდა გადავიდეთ ყველა ფრანგის ვაქცინაციაზე, ეს ერთადერთი გზაა ნორმალური ცხოვრებისკენ“, – აღნიშნა მაკრონმა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივერ ვერანმა განაცხადა, რომ მედიკოსები, რომლებიც 15 სექტემბრამდე აცრილი არ იქნებიან, სამსახურში არ დაიშვებიან და ხელფასს არ მიიღებენ.