ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მობილიზაციის გამოცხადებით ვლადიმერ პუტინი ახალ შეცდომას უშვებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით ვლადიმერ პუტინი ახალ შეცდომას უშვებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე საათის წინ იქნა მიღებული პრეზიდენტ პუტინის მხრიდან, არის ახალი შეცდომა. რაც ნათლად გვჭირდება, არის მშვიდობა და ცეცხლის შეწყვეტა. ომის დონის გაზრდა ცუდი სიახლეა რუსი ხალხისთვის, ცუდი სიახლეა რუსი ახალგაზრდებისთვის და ცუდი სიახლეა რუსეთისთვის, რადგან ეს გაზრდის ქვეყნის იზოლაციას“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთმა და ინდოეთმაც გამოხატეს შეშფოთება ომთან დაკავშირებით.
„დღეს რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებულია და უფრო და უფრო ერთგულია ომის, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს და რომელიც უკანონო და არალეგიტიმურია. ყველა მშვიდობისკენ მოუწოდებს. აღარავის ესმის რუსეთის მიერ გაკეთებული არჩევანის“, – აღნიშნა მაკრონმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.