ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების წინ მარინ ლე პენთან დებატები სურს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების წინ ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერთან, მარინ ლე პენთან დებატები სურს. მაკრონის თქმით, ამ არჩევნებზე საფრანგეთის ბედი წყდება.
გამოკითხვების თანახმად, ლე პენის ევროსკეპტიკური პარტია „ეროვნული გაერთიანება“ გამოკითხვაში მაკრონის ცენტრისტულ პარტიას თითქმის ხმების ორჯერ მეტი რაოდენობით უსწრებს.
„ძვირფასო თანამემამულეებო, გამოფხიზლდით, ყურადღებით შეხედეთ, ვინ არიან ისინი. მე მსურს დებატები ქალბატონ ლე პენთან. ბურთი მის მოედანზეა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას მალევე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა თავად მარინ ლე პენი. მისი თქმით, ის თანახმაა დებატებზე, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ მაკრონი თანახმა იქნება გადადგეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს ივნისის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემთხვევაში.
ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი ორ საპრეზიდენტო არჩევნებში, 2017 და 2022 წელს დაამარცხა, თუმცა მას შემდეგ ლე პენის რეიტინგი გაიზარდა. ემანუელ მაკრონი პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით ვეღარ იყრის კენჭს. ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებს პარტიების პოპულარობის საზომად განიხილავენ.