ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ესმის საფრანგეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ესმის საფრანგეთის მოქალაქეების ბრაზი საპენსიო რეფორმის გამო. მაკრონის თქმით, ნანობს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
ეს მოსახლეობისადმი მაკრონის პირველი მიმართვა იყო მას შემდეგ, რაც მან გასულ პარასკევს ხელი მოაწერა სადავო საპენსიო კანონს, რომლის გამოც საფრანგეთში იანვრის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები იმართება. რეფორმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა განაცხადა, საპენსიო სისტემის ცვლილებები აუცილებელი იყო თითოეული მოქალაქის პენსიის უზრუნველსაყოფად.
„ეტაპობრივად მეტ მუშაობას მთელი ჩვენი ქვეყნისთვის ასევე მეტი სიმდიდრე მოაქვს“, -ვაღნიშნა პრეზიდენტმა.
მაკრონმა ასევე თქვა, რომ ესმის მოქალაქეების უკმაყოფილება გაზრდილი ფასებისა და ისეთი სამუშაო ადგილების გამო, რომლებიც ბევრ ფრანგს არ აძლევს შესაძლებლობას, კარგად იცხოვროს.
როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრი მას წარუდგენს მთავრობის სამოქმედო გეგმას 100 დღის ვადაში, 14 ივლისისთვის, როდესაც საფრანგეთი ბასტილიის დაცემის დღეს აღნიშნავს.
„14 ივლისს ჩვენ უნდა შევძლოთ შედეგების შეჯამება. ჩვენ წინ გვაქვს დაწყნარების, ერთიანობის, ამბიციისა და საფრანგეთისთვის მოქმედების 100 დღე“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პროფკავშირებთან მოლაპარაკებების სერიას გამართავს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით. თუმცა, პროფკავშირების ლიდერები აცხადებენ, რომ საპენსიო რეფორმის გაუქმებამდე სხვა საკითხების განხილვას პრეზიდენტთან არ აპირებენ.