ემანუელ მაკრონი 15 აპრილს ყვითელჟილეტიანების საპასუხოდ ახალ ზომებს გამოაცხადებს
საფრანგეთის პრეზიდენტი 15 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ყვითელჟილეტიანების საპასუხოდ ახალ ზომებს გამოაცხადებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ინიციატივები დაფუძნებული იქნება სამთვიანი „დიდი ეროვნული დებატების“ შედეგებზე.
საწვავზე ფასების მატების წინააღმდეგ ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა. დემონსტრანტები აქციებს ყოველი კვირის ბოლოს მართავენ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ გაბრაზება გადაწყვეტაში გარდავქმნათ. თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენდით. ხვალ მე ვუპასუხებ“, – აღნიშნულია ემანუელ მაკრონის „ტვიტერის“ გვერდზე. მიმართვის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს შეხვდება.