ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ დე ფაქტო რეჟიმს, ახალგორის მიმართულებით გამშვები პუნქტები გახსნას
ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით, ჰუმანიტარული მდგომარეობით, რომელიც დრო და დრო უფრო მწვავდება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ახალგორში 70 წლის მარგარიტა მარტიაშვილის გარდაცვალების საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ მოუწოდებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნას.
„ადამიანი, რომლიც გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, მიემატება იმ ტრაგიკულად დაღუპულთა სიას, როგორიც იყო ბაშარული, ოთხოზორია, კვარაცხელია და ა.შ. ვინც ამ სიტუაციას ემსხვერპლა. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო რეჟიმს, მოხდეს გამშვები პუნქტების გახსნა, რათა ხალხს შეეძლოს მიმოსვლა, არა მხოლოდ სამედიცინო დახმარების მიღებისთვის, არამედ ზოგადად ურთიერთიბისთვის, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“,- აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, რამდენიმე დღის წინ გახდა ცუდად. ის ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ თინიკაშვილმა.