დიდი ბრიტანეთის დედოფალმა 92-ე იუბილე იზეიმა. ელისაბედ მეორე ალბერტ ჰოლში გამართულ კონცერტს დაესწრო, რომელშიც ბრიტანელი შემსრულებლები და მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ტომ ჯონსი, ქრეიგ დევიდი, ავსტრალიელი კაილი მინოუგი, კანადელი შონ მენდესი, ასევე სტინგი, რომელმაც დუეტი რეპის მომღერალ შეგისთან ერთად შეასრულა.
კონცერტის დროს მაყურებელი დიდ ეკრანებზე დედოფლის მმართველობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას ადევნებდა თვალს.
ელისაბედ მეორე კონცერტზე კემბრიჯის ჰერცოგ უილიამის, პრინც ჰარისა და მისი საცოლე მეგან მარკლის, პრინც ჩარლზისა და მისი მეუღლისა და სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მივიდა.
ალბერტ ჰოლში ასევე იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და მთავრობის სხვა წევრები.
ელისაბედ მეორე 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა. ის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი 1952 წელს, 25 წლის ასაკში გახდა.
მონარქის დაბადების დღეს ბრიტანელები ორჯერ, 21 აპრილსა და ივნისის შუა რიცხვებში აღნიშნავენ.