ელი კოენი - დღეს ჩვენ ისტორია შევქმენით, პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
დღეს ჩვენ ისტორიას დავუდეთ სათავე, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება და მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა, ელი კოენმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ელი კოენი დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება.
ისრაელის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის მოხარულია, რომ წელს უკვე მეორედ ხვდება ქართველ კოლეგას.
„ჩვენ ბევრი კარგი ამბავი გვაქვს, თუმცა წინაც ბევრი სამუშაო გვაქვს. კარგი ამბავია, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 50 მილიონ დოლარს შეადგენს. მეც და ჩემმა ქართველმა კოლეგა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მიზნად დავისახეთ, რომ ეს მაჩვენებელი უაღრესად გავზარდოთ“, – განაცხადა ელი კოენმა.
ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელს შორის მჭიდრო მეგობრობას, ორი ქვეყნის უძველეს ისტორიასა და მემკვიდრეობას.
„ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობის გაფართოებისთვის.
ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ გადავლახოთ ყველა ის დაბრკოლება, რაც არსებობს ქართველ და ისრაელელ ინვესტორებს შორის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ისრაელი-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ელი კოენმა.
თავის მხრივ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ეკონომიკის მინისტრ ელი კოენს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით გაწეული უდიდესი ძალისხმევისთვის.
„მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს და განავითარებს მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებას საქართველოსა და ისრაელში. ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდის და გააფართოებს ორივე ქვეყნის ექსპორტს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.