ელგუჯა ხოკრიშვილი - გერმანული და ქართული სამხედრო თანამშრომლობა ახალი ფინანსური დახმარებით კიდევ უფრო გაფართოვდება
გერმანული და ქართული სამხედრო თანამშრომლობა ახალი ფინანსური დახმარებით კიდევ უფრო გაფართოვდება, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა გერმანიის მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსური დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თავის დროზე, გერმანია იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდამჭერი. გარდა ტექნიკური დახმარებისა, არის ფინანსური კომპონენტი, რაშიც ძალიან გვეხმარება. ეს არის ჩვენი თავდაცვის სკოლის აღმშენებლობის პროექტი. გერმანიასთან გვაქვს ნატო-ს ფარგლებში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, სამშვიდობო მისიებში ერთად ვმონაწილეობთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანული და ქართული სამხედრო თანამშრომლობა ამ ახალი ფინანსური დახმარებით კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, გერმანია ძალიან აფასებს ქართველი სამხედროების მონაწილეობას გერმანელ სამხედროებთან ერთად სამშვიდობო მისიაში და მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს თავდაცვის სფეროში, ასევე მიესალმება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ნატო-ში გერმანიის ელჩმა, ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.