ელენე ნიჟარაძე - გაზვიადებული და არასწორია შეფასება, რომ „ისფედის“ მცირე ხარვეზმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია
გაზვიადებული და არასწორი შეფასებაა, რომ „ისფედის“ მცირე ხარვეზმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ეს არის სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელენე ნიჟარაძეს დაუსვეს კითხვა – გაჩნდა მოსაზრება, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მეთოდის გამოყენებით, ხომ არ იგეგმებოდა ე.წ. სერბული სცენარი, როდესაც რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა.
ნიჟარაძის თქმით, პროცენტული თვალსაზრისით იყო მცირედი სხვაობა, რასაც მანდატებზე გავლენა არ მოუხდენია.
ამასთან, ელენე ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ შეცდომა პროგრამისტმა ბათილი ბიულეტენების პროგრამაში შეყვანისას დაუშვა.
„ეს იყო ძალიან მცირედი ხარვეზი, რომელსაც გაზვიადება მიენიჭა მმართველი პარტიის მხრიდან, წარმოჩენილი იყო, რომ ამან პოლიტიკური კრიზისი გამოწვია და იქ რევოლუციაზე იყო საუბარი. ეს არის ძალიან არასწორი და გაზვიადებული შეფასება. ჩემი აზრით, ეს კეთდებოდა ძალიან მიზანმიმართულად, რათა საზოგადოების ყურადღება გადმოტანილიყო pvt-ის შედეგებზე და მომხდარიყო იმ სერიოზული დარღვევების იგნორირება, რაც იყო. მე არ ვთვლი, რომ ეს იყო ისეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელსაც შეეძლო რაღაც პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია ქვეყანაში. ეს არის სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. პროცენტული თვალსაზრისით იყო მცირედი სხვაობა, რასაც მანდატებზე გავლენა არ მოუხდენია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის მცირედი ხარვეზი, თუმცა მძიმე იყო ჩემთვის, რომ ეს იყო დაშვებული იყო.
„ენდიაის“ ექსპერტებთან შეხვედრაზე გვქონდა ზეპირი კომუნიკაცია, კითხვა იყო დასმული და ჩვენ მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია, რომ ბათილი ბიულეტენების დათვლა საქართველოში არ ხდება. როგორც ითქვა, ეს იყო ადამიანური შეცდომა, ვიღაცამ რაღაცა ვერ გაიგო, ვიღაცამ სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია. კომუნიკაცია გვქონდა მათთან. მათი მხრიდან წერილობით ეს კითხვა არ დასმულა იმიტომ, რომ შეხვედრაზე გავიარეთ და ჩვენი მხრიდან დაშვება არ ყოფილა, რომ ვიღაცამ რაღაცა ვერ გაიგო და ვიღაცამ რაღაცა არ მოისმინა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს იყო პროგრამისტის მიერ დაშვებული ხარვეზი, რომ ბათილი ბიულეტენები შეყვანილი იქნა პროგრამაში. ჩვენი მხრიდან იყო ზეპირი კომუნიკაცია და ის დაშვება, არ ყოფილა, რომ ვიღაცამ რაღაცა ვერ გაიგო და მათი მხრიდან არც წერილობით და არც ზეპირად კომუნიკაცია და არც კითხვა არ ყოფილა, რომ რაღაც ხომ არ გამოგვეპარა, რაღაცა ხომ არ შეგვეშალა. ჩვენთვის ცალსახაა, რომ შეცდომა იყო მათი მხრიდან, პროგრამის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხს აგებდა ექსპერტი“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.
როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.
ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.