ელენე მიხაილოვა - საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გადის შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონიდან
13:45, 16.02.2018
მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გადის შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონიდან, საზოგადოებრივი მაუწყებელი საქონელსა და მომსახურებას კვლავ შეისყიდის შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ფორმით, – ამის შესახებ პირველი არხის იურისტმა ელენე მიხაილოვამ პარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
„მაუწყებლობის შესახებ კანონით საუბარი არის ვიწრო სეგმენტის განსხვავებული ფორმით შესყიდვაზე. შემიძლია, ციტირება მოვახდინო, ვინაიდან არაერთხელ სხვადასხვა ინტერპრეტაცია გაკეთდა ამ შეთავაზებული ცვლილებების. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მხოლოდ ტელე-რადიო, ვებგვერდისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის, პროგრამის, გადაცემის, ფილმის, სპეკტაკლის, სერიალისა და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე არის დათქმა, სხვა ტიპის მომსახურებასა და საქონელს საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ შეისყიდის შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ანუ საკანცელარიო ნივთებით დაწყებული, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით დამთავრებული, შესყიდული იქნება ჩვეულებრივად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით გათვალისწინებული წესით“, – განაცხადა ელენე მიხაილოვამ.
პირველი არხის იურისტმა რეკლამის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მაუწყებელი უარს არ ამბობს სოციალური რეკლამის განთავსებაზე.
„საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძენს კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას, რომელიც შეზღუდულ ვიწრო სეგმენტში არის მოთხოვნილი, ეს არის სამი წუთი დრო, რომელიც განთავსდება არა პრაიმ ტაიმში და მხოლოდ სამუშაო დღეებში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოახდენს სარეკლამო ბაზარზე, ვინაიდან ძალიან მცირე დროა, ამაზე ჩვენ არაერთი რეკომენდაცია გვაქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციიდან, EBU-ს ოფიციალური წერილიც აქვს პარლამენტს, არაერთხელ გვაქვს მოყვანილი ევროპული პრაქტიკა, ამაზე ვრცლად ვისაუბრებთ, გვაქვს გარკვეული სტატისტიკური მონაცემებიც, ციფრები, რომლებიც ბევრად უფრო კარგად ასახავს სურათს, ვიდრე ჩემი კომენტარი.
კიდევ ერთი საკითხია, სოციალური რეკლამის საკითხი, რომელიც რაღაც ინტერპრეტაციის თემა გახდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს არ ამბობს სოციალური რეკლამის განთავსებაზე, ეს ვალდებულება რჩება, უბრალოდ ამ შემთხვევაში, წესრიგდება განთავსების სისტემა. ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ აქ საუბარია ისევდაისევ ქვედა ზღვარზე, არანაირად არ არის შეზღუდული მოცულობა, ცვლილება შეეხო უფრო განთავსების სიხშირეს და არა მის მოცულობას, როგორიც ასევე აქვთ კერძო მაუწყებლებს.
იყო საუბარი იმაზეც, რომ სოციალური რეკლამა განიმარტოს სხვაგვარად, საბოლოოდ ამაზე საუბარი აღარ შედგა“, – განაცხადა ელენე მიხაილოვამ.