ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, შეუერთდნენ საგამოძიებო კომისიის სხდომას
ილუზია არ მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოეწონება ჩვენ მიერ დაწერილი დასკვნა, მაგრამ მოვუწოდებ, მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, თუნდაც გვეკამათონ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
საგამოძიებო კომისიის წევრის თქმით, „ქართული ოცნება“ ვალდებულია, ისაუბროს ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც მათივე მონაწილეობით მოიპოვეს.
„კომისიის მუშაობის განმავლობაში „ევროპული საქართველო“ არ ხელმძღვანელობდა პოლიტიკური მოსაზრებებით, გამოძიების არც ერთ ეტაპზე ეს ჩვენი პრინციპი არ ყოფილა, პირიქით, ერთადერთი სურვილი იყო, რომ დადგენილიყო სიმართლე. ეს საზოგადოების მოთხოვნაც იყო, აგრეთვე დაღუპული დავით სარალიძის მამის, რომელიც სამართალს ქუჩაში ეძებდა. უნდა გამოგვევლინა და პასუხი გაგვეცა იმ სისტემური ჩავარდნისთვის, რამაც მიგვიყვანა აქამდე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალი გარემოებების გამოვლენის ეტაპზე, ამაში „ქართულ ოცნების“ წევრებიც მონაწილეობდნენ. ყველა მტკიცებულება გავახმოვანეთ და ვაჩვენეთ , ეს იციან „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისინი პასუხისმგებლობას ატარებენ, რომ ამ თემებზე იმსჯელონ და ესაუბრონ საზოგადოებას, თუნდაც იკამათონ ჩვენთან. არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენი და „ ქართული ოცნების“ პოზიცია იქნება ერთნაირი, არც იმას ველოდები, რომ „ქართულ ოცნებას“ მოეწონება ჩვენს მიერ დაწერილი დასკვნა, მაგრამ პარლამენტიდან და საზოგადოებიდან არის მოთხოვნა, რომ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზეა, პასუხი აგოს პროცესზე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ და მმართველი გუნდიდან კომისიის წევრებს მოუწოდა, შეუერთდნენ განხილვებს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პროცესიდან გამოთიშვით პასუხისმგებლობას თავი აარიდა.
„პროცესიდან „პატრიოტთა ალიანსის “ გამოთიშვა და უპასუხისმგებლო მიდგომა გასაკვირი არ იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც პრეტენზიას პრეზიდენტობაზე აცხადებს, პასუხისმგებლობის არიდება ძალიან ცუდია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრებმა უარი განაცხადეს კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე. ისინი აცხადებენ, რომ კომისიის დასკვნა პოლიტიკური საკითხებით არის სავსე.