პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
მათი თქმით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება, სადაც „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებ ადამიანებს საოლქო კომისიების ხელმძღვანელებად დანიშნავენ, ცესკო-ს მაღალჩინოსნები ანაზღაურებას გაიზრდიან, ხოლო უფლებამოსილებას იზრდის კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გიორგი ჯავახიშვილი 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელია. საგამოძიებო ვიდეოში, რომელიც „დროას“ დამფუძნებელმა გამოაქვეყნა, საუბარია არჩევნების გაყალბების 13 მექანიზმზე, რომლის სათავეშიც, მისი თქმით, სწორედ ჯავახიშვილი დგას.
ხოშტარიას განცხადებით, გიორგი ჯავახიშვილი საკუთარი კლანის მეშვეობით რეალურად მართავს ცესკო-ს. სწორედ ეს ადამიანი აწარმოებს არჩევნების ე.წ. შავ მონიტორინგს. მისივე თქმით, არჩევნების დღეს ჯავახიშვილი სუს-ისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება პარტიის ცენტრალურ ოფისში, სხვენში, სადაც უბნებიდან იღებს შედეგებს და მხოლოდ მისი თანხმობით ხდება ამ შედეგების ატვირთვა ცესკო-ს სისტემაში. ხოშტარიას თქმით, სწორედ ეს გახდა საპარლამენტო არჩევნებზე შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნების მიზეზი. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მეორე ადგილი, სადაც ცესკო-ს დე ფაქტო მმართველობა იკრიბება, გაზისა და ნავთობის კორპორაციაა.
პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერის თქმით, ჯავახიშვილის კლანში შედიან – არჩილ ანასაშვილი (იურისტი), ეკა ცაბაშვილი (საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯავახიშვილის მეუღლის მეგობარი), ლევან მაისურაძე (ქართული ოცნების წარმომადგენელი ცესკოში).
ერთობლივ ბრიფინგზე საბა ბუაძემ ყურადღება ცესკო-ს სისტემაში არსებულ კორუფციულ ინტერესებსა და ნეპოტიზმზე გაამახვილა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, სწორედ ამ მეთოდებით იმართება და კონტროლდება ცესკო „ქართული ოცნების“ მიერ.
საბა ბუაძის თქმით, მსგავსი კორუფციული სქემის კარგი მაგალითია სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“, ცესკო-ს სსიპ-ი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს გრანტებს. ბუაძის განმარტებით, აქ საეჭვო გარემეობა არის ის, რომ გრანტები გაცემულია იმ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მჭიდროდ დაკავშირებული არიან ცესკო-სთან.
„მაგალითად, დები ნიკოლაშვილები. ფიქრია ნიკოლაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად აირჩიეს, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების შემდგომ, კი 2020 წლის 16 ნოემბერს კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნიკოლაშვილი 2017 წლიდან საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იყო. სწორედ 2017 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სახელმწიფო და მოქალაქე“ დირექტორი, ამ ორგანიზაციას სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან“ ტრენინგებს ჩასატარებლად 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მიღებული აქვს 106 409 ლარი.
მისი და, ელისო ნიკოლაშვილი 2020 წლის არჩევნებზე მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი იყო, მანამდე კი 2014 წლიდან იყო ნაძალადევის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი. ელისო ნიკოლაშვილის მეუღლე კახაბერ მანჯგალაძე 2014 წელს ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, აგრეთვე, 2012 წლიდან არის შპს „ფინეზას“ დამფუძნებელი და დირექტორი. აღნიშნული კომპანია ხშირად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში და ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. მისი დამკვეთები ხშირ შემთხვევაში არიან ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისიები, თბილისის მერია, სასამართლო და სხვა.
სოფო ნაყოფია გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკო-ს მიერ არჩეული დროებითი წევრია, ასევე, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერია. მასთან დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომლის თავმჯდომარე და წევრი არის მისი მეუღლე და შვილი. „დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრს“ სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან“ 2019 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მიღებული აქვს 50 000 ლარი. საგულისხმოა, რომ ორგანიზაცია დაფუძნებულია 2019 წლის 30 მაისს და პირველი გრანტი (30 000 ლარი) მოპოვებული აქვს 2019 წლის 25 ივნისს.
გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სოფიკო სილაგაძის მეუღლე, ჭაბუკი ჭაბუკიანი დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეგიონების ხელშემწყობთა კავშირთან“. აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეა ბესარიონ გულედანი, თუმცა საჯარო რეესტრში ორგანიზაციის ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებების შემტანი პირი სოფიკო სილაგაძეა. აღნიშნულ ორგანიზაციას, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან“ 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მიღებული აქვს 98 962 ლარი.
ვლადიმერ ბოჟაძის ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან“ 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით გრანტის სახით 370 770 ლარი მიიღო“, – ნათქვამია პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.