ელენე ხოშტარია - ყველა უბანზე „ძველი ბიჭია“ მობილიზებული

პარლამენტის თავმჯდომარემ რაც უნდა შავზე თეთრი იძახოს, ფაქტია, რომ ყველა უბანზე „ძველი ბიჭია“ მობილიზებული და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დგანან,- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს შესაბამისი ვიდეომასალა და ირაკლი კობახიძემ კომიკურ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

„მეორე ტურში, როგორც ჩანს, შეშინებული ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა და აბსოლუტურად ყველა უბანზე ჰყავთ მობილიზებული მთელი ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ერთად, ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ „ძველ ბიჭებთან“, კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებთან და ცდილობენ, შექმნან აგრესიული ვითარება, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ მათ უსუსურობაზე და სიმხდალეზე მიუთითებს. მინდა შემოგთავაზოთ კონკრეტული ორი ვიდეო, რომ თავად შეიქმნათ წარმოდგენა. პირდაპირ უბნის წინ ხდება ზეწოლა ამომრჩეველზე, რომ შემოხაზონ 41. ეს ხდება 18-ე უბანზე. ასეთია ვითარება უბნების გარეთ, რომელიც მეტყველებს მხოლოდ ერთზე, რომ ხელისუფლება პანიკაშია. ჩვენ გვაქვს უბანზე კამერა, ყველაფერს ვაფიქსირებთ.

„ძველი ბიჭების“ მობილიზება ვინ მოახდინა, ამაზე მეორე ტურის წინაც ვსაუბრობდით. ისინი პატიმრებით ვაჭრობდბენ, ზუსტად ეს ძველი ბიჭები დადიოდნენ და ადამიანების სიებს აგროვებდნენ. აგერ ფაქტებია, „ძველი ბიჭები“ ვის ჰყავს მობილიზებული. მსგავსი აგრესიული გამოხტომების არავის არ შეშინდება. მთაწმინდელები ამას პასუხს ღირსეულად გასცემენ“,-აღნიშნა ხოშტარიამ.