ელენე ხოშტარია - ვმუშაობთ კონსოლიდირებული ერთობისთვის, გავაგრძელებთ კონსულტაციებს, თუმცა არსებობს წითელი ხაზები გახარიას შემთხვევაში, ის დაკავშირებულია ანტისაოკუპაციო აქციასთან
ელენე ხოშტარია - ვმუშაობთ კონსოლიდირებული ერთობისთვის, გავაგრძელებთ კონსულტაციებს, თუმცა არსებობს წითელი ხაზები გახარიას შემთხვევაში, ის დაკავშირებულია ანტისაოკუპაციო აქციასთან

თვეების განმავლობაში ვმუშაობთ, რათა შედგეს დიდი კონსოლიდირებული ერთობა როგორც პარტიების, ასევე საზოგადოების ჯგუფების. ამ თვალსაზრისით გიორგი მარგველაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია მოიყვანა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს არსებობს წითელი ხაზები.

„ერთობა არის ფორმულა, რომლითაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ წნეხი და გავუშვათ ეს ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებეთ კონსულტაციებს გიორგისთან და სხვებთანაც, ყველასთან, ვისაც დღეს პროდასავლური მომავალი აღელვებს. ყველასთან გვაქვს კონსულტაცია, თუმცა ჩვენი წითელი ხაზების შესახებ ნათქვამი გვაქვს. ეს წითელი ხაზები არსებობს და ეს არსებობს არა პერსონალური დამოკიდებულებით, არამედ გახარიას შემთხვევაში, ის დაკავშირებულია არა მხოლოდ დარბევასთან, ზოგადად, ანტისაოკუპაციო აქციასთან. იცით, რომ მას ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ამიტომ წითელი ხაზები არსებობს, წითელი ხაზების მიღმა აბსოლუტურად ყველასთან ვმუშაობთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.