ელენე ხოშტარია - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში კლანის შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერებულია
დღევანდელი კანონი იძლევა საშუალებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მორჩილი პირები გახდნენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მორიგი ფარსი დაიწყო.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მორიგი ფარსი დაიწყო, რომელსაც რეალურად უზენაეს სასამართლოში მორჩილი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ჰქვია. გვახსოვს, როდესაც დეკემბერში პარლამენტში შემოვიდა ფურცელი, ყველანაირი წესების გარეშე, რა რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას და ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ზუსტად იგივენაირად მიჰყავს პროცესი. უბრალოდ, ამას მოარგო კანონი. დღევანდელი კანონი მათ აძლევთ საშუალებას, მორჩილი მოსამართლეები გახდნენ უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეები“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ე.წ. კლანის შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერებულია.
„ვნახეთ სია და ამ სიაში გვყავს იმ კლანიდან პირები, რომელზეც ვსაუბრობდით – რვა წევრი და პლუს ოთხი ახალი წევრი კლანიდან, რომელიც სიაში არ იყო, ანუ კიდევ უფრო გააძლიერეს კლანის შემადგენლობა სიაში. ამ წევრებს აქვთ ნათელ-მირონი, ნათესაური კავშირიც. ასევე შემზარავია, რომ მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელიც დაინიშნა სარალიძის კრიზისის დროს და, რომელიც მორჩილად ხელს აფარებდა იმ პროკურორებს, რომლებიც თითხნიდნენ ამ საქმეს, ეს მოქმედი მორჩილი თადუმაძე ახლა უნდათ, გახდეს უზენაესის უვადო მოსამართლე. უნდათ, პროკურორები გადაასკუპონ უზენაეს სასამართლოში. თავაძე, ფაფიაშვილიც ალბათ ყველას ახსოვს, პოლიტიკური მოტივებით გამორჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომლითაც უზენაეს სასამართლოში ვინც სურს, იმას გაიყვანს.
„ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომლითაც ვისაც უნდა იმას გაიყვანს. ჩვენ გვაქვს სია, სადაც გვყავს მორჩილი, საშიში, მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც სურთ, ამ ადგილებზე მოკალათება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პირდაპირ დანიშვნა მათი მორჩილი ადამიანების“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა.