ელენე ხოშტარია - უნდა ვუსმინოთ, კობახიძემ რა უთხრა და მეორემ რა უპასუხა, ეს ხალხის შეურაცხყოფაა, საპარლამენტო უმრავლესობის ხრწნა მიმდინარეობს
ელენე ხოშტარია - უნდა ვუსმინოთ, კობახიძემ რა უთხრა და მეორემ რა უპასუხა, ეს ხალხის შეურაცხყოფაა, საპარლამენტო უმრავლესობის ხრწნა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის ხრწნის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში ელენე ხოშტარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ეკა ბესელიას შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ რაც ხდება, პარლამენტის შეურაცხყოფაა.

„საერთოდ არ მაინტერესებს, პიროვნულად ერთმანეთთან ვის რა დამოკიდებულება აქვს. ადამიანი როგორც არ უნდა გძულდეს, პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჯოჯოხეთია. ვიღაც ახალგაზრდები დაიჭირეს იმაზე, რომ ვიდეო შემთხვევით ჩართეს და ამ დროს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის – ეს ყველაფერი ვის ინტერესებში იყო, ვინ დადო ვიდეო, რატომ დადო, როგორ ხდება სისტემური ჯოჯოხეთი და ა.შ. იმას უნდა ვუსმინოთ, კობახიძემ რა უთხრა და მეორემ რა უპასუხა, ეს ხალხის შეურაცხყოფაა. მაშინ, როცა ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკის თვალსაზრისით სისტემური ჩავარდნა გვაქვს, პარლამენტის შეურაცხყოფას ვუყურებთ, რადგან ლაპარაკობენ პიროვნულ კინკლაობასა და იმაზე, ვინ უფრო ახლოს არის ბიძინა ივანიშვილთან. ეს ხდება მაშინ, როცა უმწვავესი პრობლემები გვაქვს, დაწყებული სარალიძის საქმით, დამთავრებული სოციალური მუშაკების პრობლემებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.