ელენე ხოშტარია უმრავლესობის წევრებს - მაკო გომურზე საუბარი უკვე მერიდება, არ ვიცი, თქვენ როგორ გრძნობთ თავს მის წინაშე
ელენე ხოშტარია უმრავლესობის წევრებს - მაკო გომურზე საუბარი უკვე მერიდება, არ ვიცი, თქვენ როგორ გრძნობთ თავს მის წინაშე

მაინტერესებს, თქვენს თავს ან საზოგადოებას რას პასუხობთ, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ სავარძელში სხედხართ, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

ელენე ხოშტარიამ სხდომაზე 20 ივნისის მოვლენებისას მომხდარი ფაქტები წაიკითხა, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს ქვეყანაში არსებულ ღრმა სამართლებრივ კრიზისს, უსამართლობასა და ამორალურობას.

„კვირის ბოლოს გავა ოთხი თვე გავრილოვის ღამიდან, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს ანტისაოკუპაციო აქციაზე სასტიკად გაუსწორდა. 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 34-მა ჟურნალისტმა, თვალი დაკარგა ორმა ადამიანმა, მხედველობა დაკარგა ან დაუზიანდა ექვს ადამიანს, რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში 13 ადამიანს, გულმკერდის არეში 48 ადამიანს, სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანება მიიღო 57-მა ადამიანმა. შედეგად, ჩვენ გვყავს 67 დაზარალებული პოლიციელი და მხოლოდ ოთხი დაზარალებული მოქალაქე. ამ ოთხ დაზარალებულ მოქალაქეში არ შედის მაკო გომური, რომელზეც მე უკვე მერიდება საუბარი. არ ვიცი, თქვენ როგორ გრძნობთ თავს მის წინაშე და ყველასთვის ცნობილია, რომ ის გახდა მართლა ამ ტრაგიკული სისასტიკის სიმბოლო. ასევე არ შედის კობა ლეთოდიანი, რომელმაც მარჯვენა თვალი დაკარგა 90-იან წლებში რუსეთთან ომში, სოხუმში და მარცხენა თვალზე მხედველობა დაკარგა გავრილოვის ღამეს. არ შედიან ადამიანები, რომლებმაც მისცეს ჩვენება პროკურატურაში კონკრეტულ გარემოებებზე, როგორ მიიღეს დაზიანებები. ციხეში დღემდე ზის 14 მოქალაქე და ნული პოლიციელი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, უმრავლესობის წევრების მხრიდან ფარისევლური განცხადებები ისმის და მაგალითად მოიყვანა ანრი ოხანაშვილის, მამუკა მდინარაძისა და სოფო კილაძის განცხადებები.

ხოშტარიას განცხადებით, საინტერესოა, რა პოლიტიკური, მორალური ან სამართლებრივი გზავნილია, როცა მაკო გომურს ან კობა ლეთოდიანს სახელმწიფო დაზარალებულებად არ ცნობს.

„მართლა მაინტერესებს, რა გზავნილია, როდესაც სახელმწიფო ამბობს, არა, არც მაკო გომურს, არც კობა ლეთოდიანს, არც იმ დაზარალებულ ადამიანებს, ჟურნალისტებს არ ვაღიარებ დაზარალებულად. ამის პარალელურად გვესმის ფარისევლური განცხადებები, მაგალითად, ანრი ოხანაშვილის, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან დაზარალებული ადამიანები, როდესაც მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეს ისეთი საკითხია, სადაც თვეების განმავლობაში არ უნდა გრძელდებოდეს გამოძიება, სოფო კილაძე კითხვას უსვამს თქვენ მიერ ასე შემოთავაზებულ პროკურორ თადუმაძეს, რატომ არ არიან დაზარალებულებიო და სისულელეს რომ პასუხობს, სრულ არაკომპეტენტურ პასუხს როცა იღებს მისგან, სრულიად კმაყოფილდება და აგრძელებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სკამში ჯდომას. მაინტერესებს, რა მორალური, პოლიტიკური ან სამართლებრივი გზავნილია, როდესაც ყველასთვის ცნობილი სასტიკად დაზარალებული ადამიანები, არათუ გამოძიება არ მიმდინარეობს და არათუ ვინმე არ დასჯილა, პირიქით, პოლიციელებს უშვებენ გარეთ და ადამიანებს ეუბნებიან, რომ არა, შენ საერთოდ არა ხარ დაზარალებული.

რა მიდგომაა მოქალაქეების მიმართ, როდესაც პოლიციელი არის დაზარალებული და სხვა არა. მე და ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს, დაზარალებულს რაიმე სახის კუთვნილებით, რომ თუ პოლიციაშია, დღეს ჩემიანია და დავალება უნდა შემისრულოს, ამიტომ ის დაზარალებულია, იმას გამოვუშვებ. თუ მოქალაქეა, რომელიც მე არ მომწონს, რას აკეთებს, მოქალაქეა, რომელიც პარტიულ და პოლიტიკურ პრობლემას მიქმნის, მაშინ ის არ იქნება დაზარალებული. თქვენ თუ გგონიათ, რომ ეს სისასტიკე და უკანონობა რაიმე სახით ამ ხელისუფლებას ან ნებისმიერ ხელისუფლებას გაუვა ჩვენს ქვეყანაში, რაც უფრო დარწმუნებული იქნებით ამაში, მით უფრო სასტიკი იქნება ის პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ მოგეთხოვებათ ამაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.