ელენე ხოშტარია - უმრავლესობის წევრები ცდილობენ, საგამოძიებო კომისია აქციონ პოლიტიკური თავდასხმების და არა სიმართლის დადგენის ადგილად
როდესაც შსს-ს წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხები არ აქვთ, „ქართული ოცნების“ ზოგი წევრი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ჩაშლას იწყებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლებს არ ჰქონდა პირდაპირი პასუხები კანონის დარღვევაზე.
„მაგალითად როდესაც საუბარია არასრულწლოვნების მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გამომწყვდევაზე, ასეთ დროს ეკა ბესელია და უმრავლესობის ზოგი წარმომადგენელი პირდაპირ იწყებს კომისიის მუშაობის ჩაშლას. ისინი ცდილობენ რაღაც პროცედურული საკითხების დაყენებას, ორი მიზნით, რომ პირდაპირ ხელი დააფარონ შსს წარმომადგენლებს, რომლებიც იჭედებიან პასუხის გაცემაში და ზოგადად კომისია აქციონ პოლიტიკური თავდასხმების და არა სიმართლის დადგენის ადგილად. ეს ავლენს „ქართული ოცნების“ მოტივაციას, რომ მათ სიმართლის დადგენა არ უნდათ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.