ელენე ხოშტარია - თუ სახელმწიფო დადასტურებულად ამბობს, რომ საქმე აქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, მაჩალიკაშვილი თავისუფლად გადაადგილდებოდეს
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც გუშინ მოვისმინეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სპეცოპერაციასთან და თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, გაუგებარია, თუ სახელმწიფო დადასტურებულად ამბობს, რომ საქმე აქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს.
„რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერებს, ცხადია თუ ეს ავთენტურია, ძალიან მძიმე რამეა. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. წარმოუდგენლად გაუგებარია, თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება, რომ ზომები არ იყოს აქამდე მიღებული. ცხადია, უნდა დადასტურდეს ავთენტურობა. ამ სახელმწიფოს გამოძიების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ჩვენ რაც მოვისმინეთ არის მძიმე, სერიოზული რამ და აქ ისეთი გაუგებარი მოქმედება ხელისუფლების, რომ თან იძახიან ტერორიზმთან საქმე და თან არაფერს აკეთებენ, ასმაგად კიდევ უფრო გაუგებარია საერთოდ რითია დაკავებული“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ჩანაწერი, რომელიც გუშინ გაავრცელა კავშირი არ აქვს სახელმწიფო ვალდებულებასთან, პასუხი გასცეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის საქმეს.
„საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, ეს იქნებოდა საშუალება ზეწოლა მომხდარიყო საგამოძიებო უწყებებზე, რომ პასუხი გაგვეცა კითხვებზე, რაც არის. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამ აუდიო ჩანაწერით, მართალიც რომ აღმოჩნდეს, გადაფარავენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს. რა თქმა უნდა, ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ხოშტარიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.