ელენე ხოშტარია - თეა წულუკიანმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, როგორ მოხდა ჩატაევის, ამ ძალიან საშიში დამნაშავის ციხიდან გაშვება
ფაქტობრივად, უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ და ძალიან დიდი ალბათობით, რომ ამ ოპერაციაში იყო მოკლული ჩატაევი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ საკითხს,- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხოშტარიას თქმით, პარლამენტში იუსტიციის მინისტრი უნდა მივიდეს, რადგან როგორც დეპუტატი ამბობს, თეა წულუკიანმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, როგორ მოხდა „საშიში დამნაშავის ციხიდან გაშვება“.
„ამის ასე, ხელისუფლების მხრიდან პასუხგაუცემლად გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს არ არის ჩვენი ახირება. ეს არის დაკავშირებული ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევებთან.
ჩვენ გვახსოვს, რომ ჩატაევი, რომელიც შეუერთდა ტერორისტებს და იყო ჩართული ძალიან მძიმე ოპერაციაში ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, გაუშვა პოლიტიკური მოსაზრებებით, რაც ფაქტიურად დადასტურდა სტამბოლის ტერაქტის შემდეგ.
თეა წულუკიანის განცხადებით, სადაც ის საუბრობდა, რომ წინააღმდეგი იყო პოლიტიკურად ჩატაევის გაშვებისა, ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მოვიდეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მაშინ განაცხადა, რომ პოლიტიკურად წინააღმდეგი იყო ჩატაევის ციხიდან გავების და პასუხი გასცეს კითხვებს, როგორ მოხდა ამ ძალიან საშიში დამნაშავის გაშვება, რა საფუძველი იყო ამის და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული შეიძლება, აჰმედ ჩატაევი იყოს.