ელენე ხოშტარია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საკითხი, რომლის პოლიტიზება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საკითხი, რომლის პოლიტიზება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება არის აბსოლუტურად დაუშვებელი, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ტყუილების საუბარი, რა გადაწყვიტა სტრასბურგმა, ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება.
„წერილის ინტერპრეტაციით გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს ძალიან სერიოზულ და მძიმე შედეგებს ნებისმიერისთვის, ვინც ამით მანიპულირებას დაიწყებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტყუილების საუბარი, რა გადაწყვიტა სტრასბურგმა, ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება. სტრასბურგის სასამართლომ კონკრეტულად ამ მომენტში არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღესვე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ოღონდ სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა და დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. ანუ, ყველანაირი სპეკულაცია მთავრობის მხრიდან, რომ მიხელ სააკაშვილი არ შიმშილობს, ჭამს, სვამს და ა.შ. არის საერთაშორისო ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ აბსოლუტურად უგულებელყოფილი. სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში მიიღო და მან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ რა პირობებში არის მიხეილ სააკაშვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი უკვე არის არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ელჩების არამედ სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშ. სტრასბურგში მაგალითად მოუწევთ იმ კადრების ჩვენება, თუ როგორ ატყუებენ მიხეილ სააკაშვილს გადაყვანის დროს. იმ კადრების ჩვენება, რომელიც არის მისი ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული, რაც უკვე შეფასებულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, როგორც არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობა“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო ნახავს, რომ გლდანში არ არის ნამდვილად საკმარისი პირობები სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის.
„სტრასბურგის სასამართლო ნახავს, რომ გლდანში არ არის ნამდვილად საკმარისი პირობები არც მისი უსაფრთხოების და არც სამედიცინო მომსახურეობის თვალსაზრისით. ახლა ამ პროცესს უმაღლესი ინსტიტუტი აკონტროლებს. ამ მეთვალყურეობისთვის ძალიან კონკრეტული ვადაა მიცემული. ეს არის ორი კვირა და ეს ორი კვირა ჩვენთვის, ყველასთვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის არის შანსი, რომ გამოვიდეთ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან. ახლა დადგა მომენტი, როდესაც ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუტი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას და გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით. ეს ჩემი მარტივი სიტყვებით ინტერპრეტაციაა, რომ არ იყოს აქ საფრთხე ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ. ხელისუფლებას დღეს შეუძლია, მათ შორის საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და სტრასბურგის სასამართლოსთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას“, – განაცხადა ხოშტარიამ.