ელენე ხოშტარია - შიმშილობას ვაგრძელებ, ჩემი პროტესტის ფორმა მშვიდობიანია, სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას არ ვაპირებ
შიმშილობას ვაგრძელებ. ჩემი გეგმა იქამდე ვერ შეიცვლება, ვიდრე პრეზიდენტს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის გარანტიები არ იქნება, – ამის შესახებ „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროტესტს მშვიდად განაგრძობს. როგორც ხოშტარია აცხადებს, რამდენიმე ადამიანი გეგმავს, მას შეუერთდეს.
„ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან დიდი რისკი და ასევე კანონის მოთხოვნა. ეს არის ყველაზე მინიმალური და რეალისტური მოთხოვნა, რაც აბსოლუტურად ყველას ინტერესში შედის. ვერ წარმომიდგენია, როგორ მივედით აქამდე, რომ ადამიანის სიკვდილზე ვსაუბრობთ ასე ხელაღებით. აბსოლუტურად მშვიდად ვაგრძელებ პროტესტს. ერთი რამ მინდა, ვთქვა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გასაგებად, მე ვარ პარლამენტში, ეს პროტესტის ფორმა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას. არა იმიტომ, რომ ეს არ მიქნია არასდროს, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, მშვიდობიანი პროტესტის ფორმა არის მნიშვნელოვანი და არავის ვეჯინები. კონტაქტი არავის ჰქონია უმრავლესობიდან, ოპოზიციური პარტიები ყველანი კონტაქტზე არიან. დღეს შემეხმიანა ამერიკის საელჩო, გავაცანი ჩემი მოთხოვნები. ხან „ლელოში“ ვიქნები, ხან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში. შეთავაზებები ბევრი ფრაქციიდან მაქვს, მაგრამ პარლამენტიდან ფეხს არ გავადგამ. მოვისმინე, რომ რამდენიმე ადამიანი გეგმავს, შემომიერთდეს, ერთია ირაკლი გოგუაძე, რომელმაც დაწერა. არავითარი სურვილი და მოლოდინი არ მაქვს, სხვებმაც მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის არასასურველი ფორმა, მათ შორის ჩემთვისაც. არ არის სასურველი, ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. მისივე თქმით, მანამდე იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.