ელენე ხოშტარია - საგამოძიებო კომისიის შექმნა არა დემოკრატიის ზეიმი, არამედ დემოკრატიის ჩავარდნის და საზოგადოებრივი წნეხის შედეგად შექმნილი პროცესია
ელენე ხოშტარია - საგამოძიებო კომისიის შექმნა არა დემოკრატიის ზეიმი, არამედ დემოკრატიის ჩავარდნის და საზოგადოებრივი წნეხის შედეგად შექმნილი პროცესია

უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასება, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის დემოკრატიის ზეიმი, ნამდვილად ვერ გავიზიარებ ამას, – აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე, კომისიის წევრმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

მისი თქმით, კომისიის შექმნა არის სწორედ დემოკრატიის ჩავარდნის და საზოგადოებრივი წნეხის შედეგად შექმნილი პროცესი, რომლის ამოცანა უნდა იყოს დემოკრატიული ჩავარდნის გამოსწორება საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნამდვილად არ არის პოლიტიკური კინკლაობის, ჩვენს შორის ვინმეს მხრიდან ქულების წერის პლატფორმა, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური საკითხი. არა რაღაც განყენებული, არამედ ჩვენს სახელმწიფოში სერიოზული სისტემური ჩავარდნის და უსამართლობის საკითხი. ამიტომ, ჩვენ აქ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველი – იმ ოჯახის მიმართ, რომელიც განადგურებულია უსამართლობისა და იმ უბედურებისგან, მეორე – საზოგადოების მიმართ, რომელმაც დღეს წნეხის ქვეშ მიაღწია იმას, რომ ოპოზიცია ხელმძღვანელობს რეალურ გამოძიებას, რა მოხდა და დადებს დიაგნოზს და ამ სერიოზული პრობლემის გამოსწორების გზას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, კომისიას აქვს სერიოზული პასუხისმგებლობა, ყველა კითხვას უსწრაფესად გასცეს პასუხი.

„ამიტომ, ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს და თქვენც მოგიწოდებთ, ნუ მისცემთ ნურავის საშუალებას, პირველი –  აქ შეიქმნას პოლიტიკური პლატფორმა, მეორე – გააჭიანუროს პროცესი და რამენაირად შეაფერხოს ჩვენი მთავარი ამოცანა“, – მიმართა ელენე ხოშტარიამ კომისიის წევრებს.

ამასთან, როგორც კომისიის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის კომისია და არ უნდა შეიქმნას განცდა, რომ ვინმე გაბედავს და მას თავისი სუბიექტური მიზნებისთვის გამოიყენებს.